ეკონომიკის სამინისტროს შენობა

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტო ჭანტურიას 12-ში მდებარე შენობას ყიდის, სადაც თავად ეკონომიკის სამინიტროა განთავსებული. სააგენტო შენობას გარკვეული პირობებით ასხვისებს: მყიდველი ვალდებული იქნება, 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს სამი წლის ვადაში, მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო გააკეთოს და ექსპლუატაციაში გაუშვას. შენობა აუქციონზე დღეს დაიდო და საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია. აუქციონი ერთ თვეში დასრულდება.

ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდება ეკონომიკის სამინისტრო მოქმედი შენობის გაყიდვის შემდეგ. უწყებაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ეკონომიკის სამინისტროს შენობის საერთო ფართობი 11000 კვადრატულ მეტრზე მეტია და, როგორც სამინისტროში ამბობენ, ეს ფართობი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბოლომდე აქვს ათვისებული.

გაყიდვის პირობების მიხედვით, სამინისტრო შენობაში 2015 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება.

კომენტარები