სახალხო დამცველის ანგარიში

პრეზიდენტი: სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის საჭიროა პროკურატურის რეფორმა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დებატები გაიმართა. სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლაში პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რეფორმის სრულყოფილად განხორციელებაა აუცილებელი.

მარგველაშვილი სიტყვით გამოსვლაში სასამართლო სფეროში რეფორმების საჭიროებასაც შეეხო. მისი თქმით, ორ თვეზე უფრო დიდი ხნით ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ტენდენცია სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას საჭიროებს.  

"პროკურატურის სისტემის რეფორმირება დღეს წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჭიროებას ჩვენი სახელმწიფოებრივობის განვითარებისთვის და სახელმწიფოებრივობის განვითარების თანმდევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და როგოც სახალხო დამცველის მოხსენებაში ვხედავთ, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც არის წინ წამოწეული, ეს არის პროკურატურის მიერ, თუნდაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ან ქმედებათა შესაძლო გადამეტების მიმართ რეაგირების ეფექტურობა, რომელიც ჩემი აზრით, დაკავშირებულია თავად პროკურატურის რეფორმირების საკითხთან. ნამდვილად განსახორციელებელია რეფორმა ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ასევე საგანგებო ყურადღება სჭირდება, არის სასამართლო სფერო. მე არ დავკონკრეტდები კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა სასამართლო პრაქტიკას, რომ ორ თვეზე უფრო დიდი ხნით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შემთხვევები და რაოდენობა ამ შემთხვევებისა და საქმეები, რომლებსაც ეს შემთხვევები ეხება, თავისთავად არ წარმოადგენს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მაგალითს. ეს ტენდენცია, ორ თვეზე უფრო დიდი ხნით და ხშირ შემთხვევაში არაძალადობრივ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, ეს არის ყურადღება მისაქცევი საკითხი, თუ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების ფუნქციონირების ხარისხი და მივიყვანოთ ის იმ ევროპულ დინამიკამდე, რომლისკენაც მივისწრაფვით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრაქტიკული საქმიანობის მიმართ შეფასება უნდა ხდებოდეს არა წარსულთან შედარებით, არამედ იმ იდეალთან მიმართებით, რომელიც სახელმწიფოს არსობრივ ფუნქციონირებას განაპირობებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის და ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციური, ასევე პრაქტიკული საქმიანობის მიმართ შეფასების დამოკიდებულება იყოს არა იმასთან მიმართებაში, წინა ხელისუფლებასთან ან შარშან ან შარშანწინ როგორ ხდებოდა ამ უფლებების დაცვა, არამედ იყოს იდეალთან მიმართებაში. ეს ალბათ ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ უნდა გავუტოლდეთ არა ჩვენს წარსულს ან ჩვენს წინა საქმიანობას, არამედ იმ იდეალს, იმ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რომელიც სამწუხაროდ არასდროს არცერთ ქვეყანაში არ მიიღწევა და რომლისკენაც სწრაფვა, ლტოლვა და მუშაობა, რომ ამ იდეალისკენ ვიმოძრაოთ, განაპირობებს სახელმწიფოს არსობრივ ფუნქციონირებას. დამოკიდებულება საერთოდ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ არ შეიძლება იყოს ისე აღქმული, რომ შარშან უარესი იყო, წელს უკეთესია და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და წყნარად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები