ამერიკის ეკონომიკა

ამერიკის ეკონომიკამ სუსტი სტარტი აიღო - ქვეყნის ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

AFP via Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ წელს ნავარაუდევზე უფრო სუსტი სტარტი აიღო. დღეს გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის ეკონომიკა 2015 წლის პირველ კვარტალში 0.7%-ით შემცირდა. ეკონომიკური ზრდის შენელება პროგნოზთან შედარებით უფრო მეტად შემცირებულმა ვაჭრობის მაჩვენებლებმა გამოიწვია. 

0.7%-იანი შემცირება აპრილში გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის საპირისპირო იყო, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურმა ზრდამ 0.2% შეადგინა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა გასული წლის მესამე კვარტლის მაღალი ეკონომიკური ზრდის (5%) გამო შეცვალა, რამაც მსოფლიო ბაზარზე ამერიკული დოლარის გამყარება გამოიწვია. დოლარის ინდექსმა (DXY) 100-ს მიაღწია, რაც გასული ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს, დოლარის გამყარებამ კი საერთაშორისო ბაზარზე ამერიკაში წარმოებული საქონელის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. 

ეკონომიკური ზრდის შემცირება მოსახლეობის დანახარჯების მოცულობის შემცირებულმა ზრდამ გამოიწვია. პირველ კვარტალში მოსახლეობის დანახარჯები 2014 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, თუმცა ეს მონაცემი 2014 წლის პირველ კვარტალში არსებულ ზრდის ტემპთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ბიზნეს სექტორის დანახარჯები კი პირიქით 3.4%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ენერგოკომპანიების თავშეკავებულ კაპიტალურ დანახარჯებს უკავშირდება. საწვავის ფასების შემცირების გამო იმ პროექტებს რომლებიც ენერგოკომპანიებისთვის ადრე ფინანსურად მიმზიდველი იყო დღეს სავწვავის დაბალი ფასის გამო ნაკლებად მიმზიდველია, რაც ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობის შემცირებას იწვევს.

აშშ-ს ეკონომიკური ზრდა გასული წლის მეორე და მესამე კვარტალში საშუალოდ 4.5%-ს შეადგენდა, მეოთხე კვარტალში ზრდის ტემპმა იკლო და 2.1% შეადგინა. 2015 წლის უარყოფითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ წელს ამერიკის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. 

კომენტარები