საარჩევნო კოდექსი

პარტიები და NGO-ები პარლამენტს მიმართავენ, მაჟორიტარული სისტემა გააუქმოს

საქართველოს პარლამენტი

ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

 

"საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივთ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს: "საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ მიღებულ დოკუმენტში.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა, 2016 წლის არჩევნებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს.

 

კომენტარები