სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: 16-18 წლის პირების ქორწინებაზე ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს

უჩა ნანუაშვილი

ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის საქართველოს სახალხო დამცველი საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს. წინადადება 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება.

"დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს მათი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ. გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს, ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები