საქართველოს ეკონომიკა

ტურიზმის ზრდის ტემპი ორ-ნახევარჯერ შემცირდა

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

საქართველოში იანვარ-მაისის პერიოდში სულ 1.83 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მხოლოდ 2%-ით აღემატება. 2014 წელს იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი 5% იყო, წელს კი ვიზიტორთა რაოდენობა 2.5-ჯერ უფრო დაბალი ტემპით, 2%-ით გაიზარდა. 

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს იანვარ-მაისის პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 43% იყო, 2012 წელს ზრდამ 48%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 31%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა ექვსჯერ შემცირდა და 5% შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ შემცირდა და 2% შეადგინა. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ქვეყნების მიხედვით საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:

1) თურქეთი 491 ათასი ვიზიტორი

2) აზერბაიჯანი 467 ათასი ვიზიტორი

3) სომხეთი 431 ათასი ვიზიტორი

4) რუსეთი 252 ათასი ვიზიტორი

5) უკრაინა 42 ათასი ვიზიტორი

ტურიზმის ზრდის ტემპის კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზს საქართველოს მეზობელ და რეგიონის ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური ვითარება წარმოადგენს, რის გამოც, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დასვენებაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ.

მეორე ძირითად მიზეზს საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის იანვარ-მაისში 19 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 4 ათასს შეადგენს. 

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორსა და ტრანსპორტის სექტორზე აისახება. მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას ტურისტული სეზონის დაწყების დროს ვარაუდობს, თუმცა, თუკი ზაფხულის სეზონზე ტურიზმი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, ლარის გამყარებისთვის სათანადო წინაპირობა ვერ შეიქმნება. 

კომენტარები