რუსეთ-საქართველო

ენმ ზაზა აბაშიძის დანიშვნაზე: ხელისუფლება რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნით, ხელისუფლება საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს. როგორც მინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რუსულ-ქართული ცენტრის მიზანია, ქართულ საზოგადოებაში გაავრცელონ აზრი, რომ საქართველოს მთავარი ნავსაყუდელი რუსეთის ფედერაციაა. მანვე აღნიშნა, რომ რუსულ-ქართული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე სწორედ ამ ინიციატივის მოთავეა. მინაშვილის თქმითვე, საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ ისწრაფვის და "ასეთი ტიპის მოქმედებებს გასაქანი არ აქვს". 

"ამ ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს რუსული გავლენა საქართველოში, რაც შეიძლება მეტი რუსული ინტერესი ჩაიდოს საქართველოში და ლეგიტიმაცია მოახდინონ იმ დანაწევრების, რომელიც საქართველოშია. ამ ფონდის მთავარი მიზანია ე.წю რბილი ძალა და ამ რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია, ქართულ საზოგადოებაში გაავრცელონ აზრი, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში, რომ ცხინვალის რეგიონი არ არის საქართველოს შემადგენლობაში, რომ საქართველო ვერ იარსებებს ევროპულ ოჯახში და საქართველოს მთავარი ნავსაყუდელია რუსეთის ფედერაცია. ამ ინიციატივების და იდეების მოთავე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ზაზა აბაშიძე, სწორედ ასეთი ადამიანი დაინიშნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ კერაში, როგორიც არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით ცხადია, საქართველოს დამოკიდებულება ევროპასთან მიმართებით ცხადია. საქართველოს მოსახლეობას უნდა, იყოს ევროპული ოჯახის, დასავლური ოჯახის ნაწილი, უნდა, რომ იყოს ნატოს წევრი, ამიტომ, ასეთი ტიპის მოქმედებებს გასაქანი არ აქვს, ეს არის დროებითი მოვლენა, ძალიან მალე ასეთი პროცესები შეჩერდება და, რაც მთავარია, ეს ხელისუფლება დასრულდება", - თქვა მინაშვილმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ზაზა (ზაალ) აბაშიძე პარალელურად რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ცენტრის თავმჯდომარეა ზაზა აბაშიძე, ხოლო წევრები - ანა ბოხუა, ნატალია ბურლინოვა, მარია ლიამცევა და ნატალია წერეთელი. ცენტრი 2013 წელს დააფუძნა ა.მ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წლის 2 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, "საჯარო დიპლომატიის ხელშეწყობის" მიზნით შეიქმნა. ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი - რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. გორჩაკოვის ფონდი გასცემს გრანტებს, ატარებს სემინარებს, კონფერენციებს და ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს რუსეთში. საქართველოში გახსნილი აქვს რუსული ენის შემსწავლელი კურსები. ასევე, რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია ქართველი ახალგაზრდების რუსეთში ვიზიტსა და შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან; საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში ფედერაციის პრეზიდეტის წარმომადგენელ მიხაილ შვიდკოისთან; პოლიტიკის ანალიტიკოსთან ფიოდორ ლუკიანოვთან; ტელეწამყვან სერგეი ბრილოვთან და ა.შ. 

კომენტარები