ომი უკრაინაში

დონეცკის მახლობლად ბრძოლები განახლდა

AP

უკრაინაში, დონეცკის მახლობლად, გამყოფ ხაზზე სიტუაცია დაძაბულია. საბრძოლო მოქმედებები დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ მარიინკასთან განახლდა. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, კიევმა პარტნიორებს აცნობა, რომ იძულებული გახდა, სეპარატისტთა შეტევის მოსაგერიებლად არტილერია გამოეყენებინა.

კიევში აცხადებენ, რომ მარიინკის მახლობლად ათასამდე სეპარატისტი, 10 ტანკისა და არტილერიის თანხლებით, შეტევაზე გადმოვიდა. პრორუსული ძალები მასირებულად იყენებენ არტილერიას, რომელიც მინსკის შეთანხების თანახმად, პოზიციებიდან უნდა გაეყვანათ.

უკრაინული წყაროების ცნობით, ბრძოლებში 7 სამხედრო დაიჭრა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. სეპარატისტებს შორის მსხვერპლი 15-ს აღწევს.

უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმება დაარღვია და სეპარატისტებს სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანა. თუმცა, ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ შეტაკებებს ლოკალური ხასიათი აქვს და საუბარი პრორუსული ძალების ფართომასშტაბიან შეტევაზე ჯერ ნაადრევია.

ამავე დროს, სეპარატისტებმა გაავრცელეს ცნობა მარიინკის აღებისა და უკრაინულ პოზიციებზე კრასნოგოროვკასა და კურახოვოს მომართულებით შეტევის გაგრძელების შესახებ. თუმცა, კიევში პოზიციების დათმობას უარყოფენ.

უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრესმდივანმა კი დაადასტურა, რომ დამკვირვებლებმა დონეცკის მახლობლად რუსი სამხედროები და რუსული სამხედრო ტექნიკა რუსული განმასხვავებელი ნიშნებით აღმოაჩინეს.

ბრძოლები დონეცკთან მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა დღეს მინსკში გამართული მხარეების შეხვედრა, ფაქტობრივად, ჩაიშალა - მას შემდეგ, რაც ის რუსეთის წარმომადგენელმა დატოვა.

კომენტარები