გაეროს რეზოლუცია

საგარეო გაეროს რეზოლუციაზე: მხარდამჭერთა ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 69-ე სესიაზე მიიღო მორიგი რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციას მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

"მიმდინარე წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 75 სახელმწიფომდე გაიზარდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას", - აცხადებს საგარეო უწყება.

შარშან, დევნილთა დაბრუნების საკითხზე მიღებულ რეზოლუციას მხარი 69 ქვეყანამ დაუჭირა.

კომენტარები