ოკუპირებული ტერიტორიები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კვლავ საუბარია მათი უფლების შესახებ, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეას მიუღებლად მიაჩნია ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუციას მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა.

ასეთი სახის რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე მერვედ იღებს. გასულ წელს დოკუმენტს მხარი 69 ქვეყანამ დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა, 79-მა კი თავი შეიკავა.

ქვეყნები, რომლებიც წინა წლებში ხმის მიცემისგან თავს იკავებდნენ და წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, არიან: თურქეთი, პანამა, გვატემალა, სენტ-კიტსი და ნევისი, ტრინიდადი და ტობაგო, გაიანა და ტონგა.

რაც შეეხება რეზოლუციის წინააღმდეგ წასულ ქვეყნებს, რუსეთთან ერთად არიან - სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვენესუელა და ვიეტნამი. ბურუნდი, რომელმაც წინა წელს საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა, წელს წინააღმდეგ წავიდა; მალდივები და ზიმბაბვე, რომლებმაც წინა წელს ხმა საერთოდ არ მისცეს დოკუმენტს, ასევე წინააღმდეგ წავიდნენ. 

ჰონდურასმა და ვანუატუმ კი, რომლებმაც გასულ წელს მსგავს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ამჯერად თავი შეიკავეს.

კომენტარები