საერთაშორისო სავალუტო ფონდი

IMF: ივანიშვილის განცხადებაზე ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ

www.thehindu.com

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კომენტარს არ აკეთებს. ტაბულას IMF-თან ჰქონდა კითხვა - ნამდვილად მიიჩნევს თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს "დასაჭერად" და მართლა სთხოვეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, კანონდარღვევის მიუხედავად, ქადაგიძისთვის დანაშაული ეპატიებინა.

თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ტაბულას უთხრეს, რომ "ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ და მერე ვნახოთ".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქართუ ბანკის საქმეზე IMF-ის წარმომადგენელმა სთხოვა, გიორგი ქადაგიძისთვის "ეპატიებინა". ივანიშვილის თქმით, რადგან ქართუ ბანკი მისი პირადი საკითხი იყო, საერთაშორისო საერთაშორისო წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და მთხოვა პირად შეხვედრაში და ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ამ დროს ქართუ ბანკი.. და იცოდნენ მათაც, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არ არის - "ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ, აპატიოთ". მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია, ეს გავაკეთო და მართლაც, პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, გიორგი ქადაგიძესაც შვხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერც ერთნაირად ხელს ვერ დავაფარებდი. როგორც ჩანს, მას აქვს კიდევ დარღვევები. თუმცა, ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატ ოთარ კახიძის განმარტებით, დაზარალებულს არ აქვს უფლება, პროკურატურაში საქმის მსვლელობა შეაჩეროს და ეს - პროკურორის დისკრეციაა.

კომენტარები