კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა მოიგერიეს

0 კომენტარი
ფოტო: dailystormer.com

უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მოსაგერიებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რადას წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკთან რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შეტევა შეაჩერეს. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 9 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.

"ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე ჩვენ შევაჩერეთ კონტინენტის ყველაზე ძლიერი არმია. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან არა მაღაროელები და ტრაქტორისტები, არამედ, როგორც ჩვენ ამაში მთელ მსოფლო დავარწმუნეთ, კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის სამხედრო ძალების ქვედანაყოფები", - თქვა პოროშენკომ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბრძოლები ქალაქ მარიინკასთან გუშინ საღამოს შეწყდა. რუსმა ინტერვენტებმა, რომლებმაც ქალაქს შეუტიეს, უკან დაიხიეს. ეუთოს დამკვირვებლების მისია თავის ანგარიშში ადასტურებს, რომ მარიინკას ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. გუშინდელი ბრძოლების შედეგად, კიევის ინფორმაციით, ხუთი უკრაინელი სამხედრო  დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. სეპარატისტებმა კი 50-მდე მებრძოლი დაკარგეს. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში კი ამბობენ, რომ მათმა დანაკარგმა 14 ადამიანი შეადგინა, 86 კი დაშავდა. 

"გუშინდელი საღამოს 6 საათიდან დილის 4 საათამდე დამნაშავეებს აღარ გაუხსნიათ ცეცხლი ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებისთვის. მათ კბილები მარიინკაზე მოიმტვრიეს და მას შემდეგ მხოლოდ ღამით მუხანათურ თავდასხმებს ბედავენ", - განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა.

ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ კი დაადასტურა, რომ ბრძოლის დაწყებამდე მარიინკის მიმართულებით პრორუსი სეპარატისტების მძიმე ტექნიკის და არტილერიის მოძრაობა, ასევე მათ მიერ ცეცხლის გახსნა დააფიქსირა. დამკვირვებლების თქმით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კიევი დაადანაშაულა, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა კი აღნიშნა, რომ პროვოკაცია უკრაინამ, ევროკავშირის სამიტის წინ მოაწყო.

შეშფოთება მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო ევროკავშირმა გამოთქვა.

"გააფთრებული ბრძოლები მარიინკის მიდამოებში, თებერვალში მინსკში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველაზე სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. გუშინდელ ესკალაციას მოჰყვა დიდი რაოდენობით შეიარაღების გადაადგილება გამყოფი ხაზისკენ, რაც ეუთოს მისიამაც დააფიქსირა", - განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავებაზე მოსკოვს დააკისრა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, რაიმე დამატებითი ტერიტორიების დაკავების მცდელობები რუსეთს ძვირად დაუჯდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები