მაჟორიტარული სისტემა

საგანელიძე: მაჟორიტარული სისტემა ჩვენთვის მომგებიანია, მაგრამ მაინც ვცვლით

ტაბულა

ქართულ ოცნებაში გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარწონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება. 

გარდა ამისა, მიღებულია მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება. კოალიციაში აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით, მაჟოტიტარული არჩევნები უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც მას გარკვეული ტიპის ხარვეზები აქვს.

"ზოგადად მაჟორიტარული არჩევნები იმ ტიპის, როგორიც იყო, უნდა გაუქმებულიყო იმიტომ, რომ მას გარკვეული სერიოზული ხარვეზები აქვს და არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. 9 წელი იყო ნაციონალური მოძრაობა და პირიქით, გაამკაცრა და გააუარესა ეს და ჩვენ გვეყო ძალა და არ გამოვეკიდეთ იმას, რომ ასეთი ტიპის მაჟორიტარული ოლქები ხშირად ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანია. ვთვლით, რომ აუცილებლად ეს უნდა შეიცვალოს და შეიცვლება", - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს და ეს მოსახლეობისთვის ცნობილი მალე გახდება. 

"მოხდება ფუნდამეტური ცვლილებები არჩევნებამდე, რათა როგორც ამომრჩეველს ასევე პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ დრო იმისათვის, რომ ამ ცვლილებების შესაბამისად მოემზადონ არჩევნებისთვის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები