ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ენმ: ხელისუფლება ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე პოლიტიკურ პიარს ეწევა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე ეწევა პოლიტიკურ პიარს და ცდილობს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ბეჟაშვილმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე პრემიერის დღევანდელი განცხადება შეაფასა. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა.

"ფაქტია, რომ ხელისუფლება ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე ეწევა პოლიტიკურ პიარს და ცდილობს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ასევე ფაქტია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ნათელ კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა იმდენად უსუსურია და იმდენად უნიათობას ავლენს, რომ ვერ შეძლო კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება და გამოძიების ობიექტურად წარმართვა, იმისთვის, რომ არც დაზარალებულებს, არც ბრალდებულს, არც საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჰქონოდა. შესაბამისად, იკვეთება ხელისუფლების დაინტერესება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათი აქტივისტებიც ფიგურირებენ ამ საქმეში. არ არის გამორიცხული, სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ხდებოდა არასწორი გზით წაყვანა და გამოძიება, ანუ აქ არის მთელი კომპლექსი ფაქტებისა, როდესაც ხელისუფლება დაინტერესებულია კონკრეტული შედეგებით", - თქვა ბეჟაშვილმა. 

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობაც ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, ბრალდებულმა შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

კომენტარები