ჯარისკაცის გარდაცვალება

პრეზიდენტი და პრემიერი კაპრალის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულის ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ. 

"ვუსამძიმრებ დაღუპული ჩვენი თანამემამულის, რამაზ დავითაიას ოჯახს. იგი გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მისი დაჭრის შემდეგ იმისათვის, რომ საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში დარჩენილიყო. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ასევე ყველა სამხედროსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა. ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რამაზ დავითაიას ოჯახს, ახლობლებს. მიგულეთ თქვენ გვერდით ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.

კაპრალი რამაზა დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გარდაიცვალა. ის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას ნიუ ჰოსპიტალსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

კაპრალის გარდაცვალების გამო თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში დროშები დაუშვა.

 

კომენტარები