ნულოვანი ტოლერანტობა

ადეიშვილი: რეფორმების ჩატარება დავაგვიანეთ, რადგანაც გამოცდილი კადრები არ იყო

ჩვენ რეფორმების ჩატარება დავაგვიანეთ, რადგანაც არ იყო გამოცდილი კადრები - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში დასმულ შეკითხვას, თუ რატომ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა წინა ხელისუფლების დროს.

ადეიშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს საქართველოში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა იყო, რომელიც დროულად უნდა გამოსწორებულიყო.

"იყო მანქანების, ადამიანების გატაცების ფაქტები. ასევე იყვნენ კანონიერი ქურდები, იყო მათი გავლენებიც. გულდასმით შევისწავლეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება ამ მხრივ და ამერიკული, კერძოდ ნიუ იორკის გამოცდილება გამოვიყენეთ. ეს იყო ჩატეხილი ფანჯრის თეორია, რომელიც ამბობს, რომ პატარა დანაშაულიდან იწყება დიდი დანაშაული. თუ მცირე დანაშაულს არ მიაქცევ ყურადღებას, ის შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს. თუ მცირე დანაშაულზე რეაგირება არ ხდება, ის უფრო სერიოზულ დანაშაულში გადაიზრდება", - განაცხადა ადეიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ მოდელიდან გამომდინარეობდა ნულოვანი ტოლერანტობა, რის გამოც პატიმართა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ენმ-მ ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება უფრო ადრეულ ეტაპზე ვერ დაიწყო.

"ნულოვანმა ტოლერანტობამ  გამოიღო შედეგად ის, რომ პატიმართა რაოდენობა გაიზარდა ძალიან სწრაფად. ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვერ დავიწყეთ ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება. ალტერნატიულ მექანიზმებში ვგულისხმობ განრიდებას, პრობაციის უფრო ეფექტურ ამუშავებას, საზოგადოებრივი საქმიანობის შეთავაზებას როგორც ალტერნატიულ სასჯელად და ასე შემდეგ.  ჩვენ დაგვაგვიანდა და ამ ყველაფერის დანერგვა 2010 -2011 წლებში დავიწყეთ.

თუმცა, აღასანიშნავია ისიც, რომ ამის გაკეთებას ჩვენი გამოცდილებიდან და რესურსებიდან გამომდინარე 2004-2005 წლებში ვერ შევძლებდით. იქიდან გამომდინარე, რომ  თბილისის მერიას ვერ ეტყოდი და დაავალებდი, რომ მსჯავრდებულ ადამიანს შეესრულებინა საზოგადოებრივი სამუშაოები მაშინ, როცა ქალაქში არც გზა იყო, არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი. აქვე იყო საფრთხე, რომ თანხის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო მსჯავრდებულს თავი აერიდებინა ამ სამუშაოებისათვის. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ხშირია.

ამაზე უფრო ეფექტურად რომ გვემუშავა, პენიტენციალურ სისტემებში მსჯავრდებულთა რიცხვი საგრძნობლად დაიწევდა. ეს ასეც მოხდა უბრალოდ 2011 წლიდან და დაახლოებით 20%-ით შემცირდა მათი რაოდენობა. ეს ტენდენცია კი მას შემდეგაც გაგრძელდა,“- განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს", - განაცხადა ადეიშვილმა.

 

კომენტარები