საქართველოს ნაკრები

კახა ცხადაძე: წინა თამაშებთან შედარებით აშკარა პროგრესია

0 კომენტარი
კახა ცხადაძე ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ლინცში უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 1:2 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, როგორც რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ აღნიშნა - ქართველები მეტოქეს სჯობდნენ კიდეც.

თუმცა, ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, ცხადაძის ფეხბურთელებმა შეცდომებს უმატეს და ორი დასანანი გოლი გაუშვეს. ამის მიუხედავად, ჯვაროსნებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მაინც შეძლეს - თავი ყენიას პასით მათე ვაწაძემ გამოიჩინა და ბოლო 10 წუთის განმავლობაში, ქართველებმა უკრაინელებს ერთგვარი შტურმის მსგავსიც მოუწყვეს. თუმცა, საბოლოოდ, ლურჯ-ყვითლებმა მაინც გაიმარჯვეს.

გაზეთმა ლელომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომი კომენტარი გამოაქვეყნა.

"თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა იყო. პირველი - სწორი თამაში, დაცვის ფუნქციების შესრულება; შემდეგ ბურთის ართმევა და შეტევის წამოწყება. 

პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, დასკვნით მომენტში ცოტა მეტი სითამამე იყო საჭირო - დარტყმაში, ბოლო გადაცემაში... ეს პრობლემები იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი შევცვალეთ რაღაცები. 

კმაყოფილი ვიყავი, უბრალოდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება გვჭირდებოდა... 

მაგრამ მთავარია, არის აშკარა პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რაც იყო მალტასა და გერმანიასთან. 

თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც შემდეგ შესარჩევში იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს სტუმრად, პოლონეთის ეროვნულ გუნდთან ვარშავაში გამართავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაალ ანდრონიკაშვილი

კომენტარები