IDFI: პრემიები სახელფასო დანამატებით ჩანაცვლდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ, 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებით, დაქვემდებარებულ უწყებებში გარკვეულწილად პრემირების სისტემა დაარეგულირა, დოკუმენტში საუბარი არ ყოფილა სახელფასო დანამატებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პრემიის მსგავსად საჯარო მოხელის დამატებითი ანაზღაურების ანალოგიურ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, IDFI-ის განცხადებით, ფიქსირებული თანამდებობრივი სარგოების და პრემიების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში კონკრეტული უწყებებისათვის არსებული შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისების ერთადერთ ალტერნატივას სახელფასო დანამატების დაწესება წარმოადგენდა.

IDFI-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულია დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი, ვიდრე 2013 წელს.

"საქართველოს მთავრობის მიერ პრემირების წესების შემოღების შემდგომ საჯარო დაწესებულებებში სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის დანერგვაზე საუბარია აგრეთვე საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცალსახად აღნიშნავს, რომ 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლებას. სამინიტროების მაგალითზე აღნიშნული ტენდენცია გამოისახა შემდეგნაირად:

საქართველოში არსებული სახელფასო პოლიტიკის ზოგადი შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონაცემები, რომელიც უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გაწეულ ხარჯებს ასახავს. როგორც ირკვევა, 2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ნიშნული ფიქსირდება 1 296 186 185 ლარი, რაც დაახლოებით 109 მილიონი ლარით აღემატება 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს, ხოლო 247 მილიონი ლარით 2012 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც გაცემული სარგოების, ასევე პრემიების ოდენობა, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა, განპირობებულია სახელფასო დანამატებისა და წოდებრივი სარგოების მნიშვნელოვანი მატებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულია დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი ვიდრე 2013 წელს.

ამავე დროს, უკანასკნელ წლებში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 127 609 429 ლარი, რაც 2013 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულ ანაზღაურებაზე 37 მილიონი ლარით მეტია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

IDFI-ისვე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის მიწურულს მთავრობა "ქამრების შემოჭერაზე" საუბრობდა, 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

"მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 222 573 ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში - 129 203 ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - 33 478 ლარით, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 30 358 ლარით", - წერია კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, კვლევაში წარმოდგენილმა საქართველოს სამინისტროების, მათი დაქვემდებარებული უწყებების და დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების სახელფასო პოლიტიკის შესახებ ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან დარეგულირებას.

"მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის წესი, როგორც კვლევაში წარმოდგენილი IDFI-ის მიერ შესწავლილი პრაქტიკა, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებები, ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს პრობლემის სრულად მოგვარებას. აღნიშნული დადგენილებით, რეგულაციები დაწესდა მხოლოდ საჯარო სამსახურში არსებულ პრემიებზე, რამაც განაპირობა მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. შედეგად, მთავრობის რეგულაციების ფონზე, სხვადასხვა დაწესებულებების მაგალითზე, სახეზე გვაქვს შემდეგი პრაქტიკა:

- სახელფასო დანამატების დაწესების ხარჯზე მთელი რიგი თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება უცვლელი დარჩა ან გაიზარდა.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება მისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებას.

- სხვადასხვა უწყების ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან", - წერია კვლევაში.

კომენტარები