სასამართლო

სასამართლომ ააიპ-ის ინფორმაციის გასაჯაროება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიის განვითარების ფონდის (MDF) სარჩელი დააკმაყოფილა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ-ის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს - ინფორმაციის გასაჯაროება დაავალა. მოსამართლე შოთა გეწაძემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ააიპ-ის კერძო სახსრებით დაფინანსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალდებულა.

მედიის განვითარების ფონდი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2013-2014 წლებში მედიისთვის გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის სრულად გასაჯაროებას ითხოვდა; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელეს ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ სააგენტო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენდა, ხოლო მედიაში გადარიცხვები საბიუჯეტო სახსრებით არ განხორციელებულა. სასარჩელო განცხადება თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის სტუდენტებმა მოამზადეს. 

საქმის არსებითი განხილვის პროცესში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ანი ხოჯელანმა და ნინო სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დააფუძნა და ამდენად, მასზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ვრცელდება. მოსარჩელე მხარემ სააგენტოს მიერ დამზადებულ სარეკლამო ვიდეო რგოლებზეც ისაუბრა, რომელთა შინაარსი (სახელმწიფოს სახელით განხორციელებული პროგრამები „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა" „აგრობარათი" და სხვები) ადასტურებდა არგუმენტს, რომ ხელისუფლების სახელით განხორციელებული საინფორმაციო კამპანია მის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ტარდებოდა.

ანი ხოჯელანმა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დასაბუთების დროს ასევე წარმოადგინა საერთაშორისო სამართლის, სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების პრაქტიკის მიმოხილვა ინფორმაციის საჯაროობის სტანდარტებთან დაკავშირებით.

მოსამართლე შოთა გეწაძემ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო თავისი ფუნქციებით საჯარო სამართლის უფლებამოსილების მატარებელია, რაც მას საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს. მოპასუხეს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა დაეკისრა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს MDF-ისთვის მიწოდებული არასრულყოფილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში სააგენტოს მედიისთვის სულ 1 043 845,57 ლარი აქვს გადარიცხული. საპასუხო წერილში ასევე მითითებულია მედია და სარეკლამო სააგენტოები, რომელთაც აღნიშნული თანხა გადაერიცხათ, თუმცა არ არის მიწოდებული შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მედიას და რა მიზნით გაუნაწილეს სარეკლამო სააგენტოებმა აღნიშნული თანხა. 

კომენტარები