FIFA-ს საქმე

ევროპარლამენტმა FIFA-ში სიტუაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

FIFA President Sepp Blatter arrives for a statement during a news conference after the meeting of the Ethics Committee in Zurich
Christian Hartmann / REUTERS

ევროპარლამენტმა FIFA-ში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მიესალმა ორგანიზაციის პრეზიდენტს განცხადებას გადადგომის შესახებ და FIFA-ს რაც შეიძლება სწრაფად მისი დროებთი შემცვლელის არჩევისა და აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფეხბურთში კორუფციის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა" უნდა გამოცხადდეს.

ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ორგანიზაციას, შეცვალოს გადაწყვეტილება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების რუსეთსა და ყატარში ჩატარების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილებების მიღებისას კორუფციული გარიგების ფაქტი დადგინდება.

ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს FIFA-ს საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

FIFA-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა თანამდებობიდან გადადგომის სურვილის შესახებ 2 ივნისს, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ რამდენიმე დღეში განაცხადა. თუმცა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე თვეში, ორგანიზაციის კონგრესის შემდეგ აირჩევენ.

გასულ თვეში აშშ-ის სამართალდამცველებმა კორუფციის ბრალდება FIFA-ს 14 მოქმედ და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს წაუყენეს.

კომენტარები