სტიქია თბილისში

გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ჩაერთო

თავდაცვის სამინისტრო

დღეიდან, სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები იმუშავებენ წყნეთის ქუჩაზე, ვერეს ხეობაში, ასევე, გმირთა მოედანსა და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამასთან, თავდაცვის უწყებამ მუშახელისა და მოხალისეებისთვის სამი საველე სასადილო უზრუნველყო. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაკარგულია და 37 პირი დაშავდა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები