საქართველოს ეკონომიკა

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
თბილისის მერია

World Economic Forum-ის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2015 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუარესდა, რის გამოც მან 66-ე ადგილიდან 71-ე ადგილზე გადაინაცვლა. წინა კვლევაში საქართველოს დაგროვილი ქულა 4.1-ს შეადგენდა, წელს კი ის 3.68-მდე შემცირდა. 2015 წელს საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად ესპანეთი დასახელდა, მოერე ადგილზე საფრანგეთი, მესამეზე კი გერმანია გავიდა. ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი მრავალი კომპონენტისგან შედგება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ბიზნესგარემო, საბანკო გადახდის პუნქტების რაოდენობა, ქვეყნის უსაფრთხოება და სხვა.

ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, საერთაშორისო გახსნილობის მიხედვით, საქართველო 58-ე ადგილზეა, უსაფრთხოებისა და დაცულობის მიხედვით 32-ე ადგილზე, ფასების კონკურენტუნარიანობის მიხედვით კი 66-ე ადგილს იკავებს. ინდექსის მიხედვით საქართველოს სუსტ მხარედ ავიატრანსპორტის ინფრასტრუქტურა ითვლება, სადაც საქართველო მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა. 

მდგომარეობა 11 საფეხურით გაუარესებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სადაც საქართველოს წინა კვლევის მიხედვით 54-ე ადგილი ეკავა, 2015 წლის ანგარიშში კი 65-ე ადგილი უჭირავს. 

2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით პოზიციების გაუარესება ზოგიერთ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუარესებას უკავშირდება, ამასთანავე, პოზიციების გაუარესების მიზეზი ამ პერიოდში სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესია, რის გამოც სიაში საქართველოზე მოწინავე პოზიციებზე განთავსდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებმაც წინა კვლევის შემდეგ ტურისტული ინფრასტრუქტურა გააუმჯობესეს. მათ შორისაა: ნამიბია, ტრინიდადი და ტობაგო და შრი ლანკა. 

 

კომენტარები