სტიქია თბილისში

ბობოხიძე: ხელისუფლებას მოვუწოდებ, გადაბრალებას ცოტა ხნით შეეშვას

epn.ge

ხელისუფლებას მოვუწოდებ, გადაბრალებები ცოტა ხნით დაივიწყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, ახლა ყველას პრიორიტეტი სტიქიით დაზარალებულების დახმარება უნდა იყოს.

"დღეს არ არის საუბარი გამომწვევ მიზეზებზე, თუმცა ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ამ ამბავმა გაკვეთილი უნდა გვასწავლოს, გავიაზროთ, რასთან გვქონდა საქმე, მათ შორის, წინა ხელისუფლების შეცდომებთანაც თუ გვქონდა ასეთ რამესთან საქმე, ამავე დროს, დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებთანაც - შეეძლოთ თუ არა სამინისტროებს დროზე ინფორმირება, პატრულს დროზე გადაკეტვა გზების, დროზე გაფრთხილება მოსახლეობის. ამაზე აუცილებლად ვიმსჯელოთ და ჩვენ ამ დიალოგს არ გავურბივართ და გავექცევით. მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაანებოს თავი მინიშნებით კომენტარებს, დაანებოს თავი გადაბრალებებს, პირველ ეტაპზე მაინც, დღეს მოდი დავალაგოთ ქალაქი და ამის შემდეგ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ დღესვე შეიძლება ამ თემების გახსნა, მაშინ სამწუხაროდ ამაზეც არ გვექნება პრობლემა. დავადგინოთ რომელი გვირაბების ბრალია. იმ გვირაბების ბრალია მარტო, რომელიც გიგი უგულავამ ააშენა, თუ იმ გვირაბების ბრალიცაა, რომელიც კომუნისტების დროიდან მოყოლებული იქ იყო და რა მოხდებოდა ამ გვირაბების აშენების გარეშეც", - განაცხადა ბობოხიძემ.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაკარგულად ითვლება. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები