რუსეთი

პუტინი: რუსეთი შეიარაღებაში 40 ახალ ბირთვულ რაკეტას მიიღებს

რუსეთი შეიარაღებაში 40 ახალი კონტინენტთაშორისი ბირთვული რეკეტის მიღებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 ივლისს, სამხედრო-ტექნიკური ფორუმის არმია-2015 გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალ რაკეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა გაარღვიონ.

17 ივნისს, ფინელ კოლეგასთან შეხვედრისას პუტინმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების გეგმების გამო, ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის შეიარაღებას იმ ტერიტორიებს დაუმიზნებს, საიდანაც საფრთხე დაემუქრება.

"თუ ვინმე დამუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი დამრტყმელი ძალები და საშუალებები უნდა დავუმიზნოთ იმ ტერიტორიებს, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებების გამო შეშფოთება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გამოთქვა. მისი თქმით, "არ შეიძლება, ძლიერი ქვეყნის ლიდერის ასეთი განცხადება შეშფოთებას არ იწვევდეს". კერიმ პუტინის განცხადებას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ არავის სურს ცივი ომის პერიოდში დაბრუნება.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პუტინის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა საშიში და დესტაბილიზაციის მომტანია.
"ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე, ამიტომაც ჩვენი ძალების მზადყოფნას ვაძლიერებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი ამაზე ისე რეაგირებს, რომ "მომავალშიც დარჩეს ალიანსად, რომელიც ყველა მოკავშირეს დაიცავს საფრთხეებისგან".

 

კომენტარები