სტიქია თბილისში

მოსახლეობის ცხოველებისგან დაცვა თბილისის მერიის სააგენტოს ევალება

tbilisi.gov.ge

მოსახლეობის ცხოველებისგან დაცვა და შესაბამისი საფრთხის მონიტორინგი თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ევალება. საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე.

კერძოდ, სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევტანაზია); ასევე, დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ევალება საგანგებო სიტუაციების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას;

ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას;

ვ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას;

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციებში შედის ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. ასევე, უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე; გარდა ამისა, სააგენტოს ევალება მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;

სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

კომენტარები