სტიქია თბილისში

მოხალისეები მზიურში მუშაობას აგრძელებენ

ტაბულა

მოხალისეები მზიურის ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებენ. ისინი ტაბულასთან საუბარში სპეციალური ნიღბების და ხელთათმანების, ასევე, სასმელი წყლის დეფიციტზე საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა გაერთიანების წევრებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გავრცელებისა და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის საფრთხის გამო, დღეს სამუშაოებს შეწყვეტდნენ. თუმცა Facebook-ჯგუფის გაუქმების გამო, მოხალისეთა ნაწილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და ამ დრომდე სტიქიის ზონებში იმყოფებიან. 

"დღეს დილიდან სტიქიის ეპიცენტრში, მზიურის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ. აქ დაგვხვდენ შსს-ს თანამშრომლები, რომლებმაც მოგვიწოდეს დაშლისკენ და სახლში დაბრუნებისკენ. თუმცა, დაახლოებით 15 წუთში მოვიდა რამდენიმე ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომლებმაც ჩამოგვიყვანეს სტიქიის ეპიცენტრში. აქ დაგვხვდა სიტუაცია, რომ არის ხელთათმანების, სპეციალური პირბადეების, საჭმლის, სასმელი წყლის, დასაბანი წყლის დეფიციტი. სპეციალური ნიღბის და თათმანების გარეშე, რა თქმა უნდა, არის საშიშროება, გავრცელდეს ეპიდემია. წინა დღეებში ყველაფერი იყო ზომაზე მეტი. დღეს არის სრული განუკითხაობა და გვაკლია ბევრი რამე. მოხალისეთა რაოდენობა გვემატება, 600-700 კაცი ვართ და გვემატებიან. ზოგს დილის საათებში გამოცდა ჰქონდა და შემოგვიერთდებიან 4-5 საათისთვის", - უთხრა ტაბულას მოხალისე ლუკა ფეიქრიშვილმა.

ამასთან, დღეს საგანგებო შტაბში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სტიქიის ზონებში მოხალისეთა სამუშაოები შეჩერდა. 

"მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებში, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ნარმანიამ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით კი, მოხალისეებს სპეციალური ნიღბების, თათმანების, გრძელი შარვლის და დახურული ფეხსაცმლის გარეშე, ტერიტორიებზე არ დაუშვებენ.

 

კომენტარები