სტიქია თბილისში

კრიზისების მართვის საბჭო: ამ მომენტისთვის ვეფხვი არსად დაფიქსირებულა

გიორგი ღიბრაძე
ტაბულა

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, შსს-მ, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა და მოხალისე მონადირეთა ჯგუფებმა შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის ტერიტორიები, თუმცა, ამ დროისთვის ვეფხვი არსად დაფიქსირებულა.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოხალისე მონადირეთა ჯგუფებთან ერთად შეამოწმეს კუს ტბის ტერიტორია, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები. მტაცებელი არსად არ დაფიქსირდა აღნიშნული მომენტისთვის. შესაბამისი სამსახურები მონადირეთა ჯგუფებთან ერთად კვლავ აგრძელებენ ცხოველის ძებნას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე აღნიშნულ რაიონებში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ ზოლებიანი აფთრის გამორიყვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას რაც შეეხება, ამ მომენტში ამ ადგილისკენ მიემართებიან ზოოპარკის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რათა მოხდეს ცხოველის იდენტიფიცირება.

სულ ამ მომენტისთვის 112-ში გარეულ ცხოველთა ამა თუ იმ ადგილზე დაფიქსირების თაობაზე შესულია 72 ზარი. ყველა მათგანზე კვლავინდებურად მოხდა რეაგირება, თუმცა, არცერთი მათგანი კვლავ არ დადასტურებულა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ 948 ბენეფიციარს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მზიურის ტერიტორიიდან შეყვანილია ერთი მოხალისე თავის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით. ამ ეტაპზე ზუსტდება დიაგნოზი და მას უტარდება კვლევები", - თქვა ღიბრაძემ.

კომენტარები