სტიქია თბილისში

ბოკერია: შექმნილი მძიმე სურათი გამოწვეულია იმით, რასაც სამი წელია ვხედავთ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ის მძიმე სურათი, რასაც ხლა ვხედავთ, გამოწვეულია იმით, რასაც სამი წელიწადი ვუყურებდით - ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რუსთავი 2-ის ეთერში, კურიერში თბილისში 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას გააკეთა.

ბოკერიას შეფასებით, ახლა სტიქიის ზონაში კატასტროფული მდგომარეობაა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ჩვეულებრივ სიტუაციაშიც ნათელი იყო, რომ მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

"სტიქიის ზონაში კატასტროფული ვითარებაა. სამწუხაროდ არ არის ძალიან მოულოდნელი, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავდით ჩვეულებრივ სიტუაციაში, ასეთი ტრაგედიის და ექსტრემალური ვითარების გარეშეც რა ფორმაშია ჩვენი მთავრობა, ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ ყველა მიმართულებით. ამიტომაც არ იყო ძალიან მოულოდნელი, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა მძიმე სურათი, მაგრამ პრინციპში მაინც გადააჭარბა მოლოდინს", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ მთავრობის დაგვიანებულ რეაქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა სტიქიას საკმაოდ არაორგანიზებული შეხვდა.

"რა თქმა უნდა, პირველი, რაც ყველას მოსდის თვალში და ამის ანალიზი ალბათ გაგრძელდება, არის რეაგირების საკითხი. ბუნებრივია, რომ როდესაც ათი დღით ადრე ქალაქის რაღაც ნაწილში, კერძოდ სვანიძის ქუჩაზე არის პრობლემა, სადაც მაშინაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სხვადასხვა ნაგებობები, როცა ამხელა ნალექი მოდის და არ არსებობს მობილიზება ხელმძღვანელობაში, რომ ამას ყურადღება მალე მიაქციონ, თან როცა სიგნალების გარეშეც ნახეს, როგორი მდგომარეობაა, ეს უკვე ძალიან მძიმე სურათია.

ამის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ შეტყობინებები მოხდა საათებით ადრე, მეწყერი ჩამოწვა საათობით ადრე. კადრები ვნახეთ, სადაც თვითონ ქალაქის მერი წელამდე წყალშია, ამ დროსაც არ არის ჯერ კიდევ მობილიზება გამოცხადებული, არ გადაკეტილა გზები. უკვე რასაც ვხედავთ, არის ძალიან მძიმე სურათი. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რასაც ვხედავდით მთელი სამი წელიწადი, როგორ ფორმაში არიან, როგორ უდგებიან საკუთარ მოვალეობას", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საზოგადოების მიერ გამოჩენილი პასუხისმგებლობის ფონზე მთავრობის არაკოორდინირებულობა განსაკუთრებით გამოიკვეთა. მისი თქმით, სტიქიის შემდგომი სამუშაოებისთვის კოორდინაცია სწორედ მთავრობას უნდა გაეწია.

"მეორე დღეს ჩვეულებრივმა მოქალაქემ მითხრა, რომ პატრონი არ ჰყავსო ამ ქვეყანას. ძალიან არ მიყვარს საკითხის ასე დაყენება, ფუნდამენტურად არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ, როგორც თავისუფალ საზოგადოებას პატრონი არ გვჭირდება, მაგრამ გვჭირდება და უნდა გვქონდეს, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას, მთავრობა, რომელსაც ირჩევ იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობაში მან მართოს ვითარება. როგორი სამოქალაქო გმირობა, დისციპლინა, აქტივობა და პასუხისმგებლობაც არ უნდა გამოიჩინოს საზოგადოებამ, მთავრობა იმიტომ არის აუცილებელი, რომ მას აქვს ეს პასუხისმგებლობა, მან უნდა გაუწიოს კოორდინაცია ამ ყველაფერს.

მე რაც ვნახე უკვე მოხალისეების ფონზე, სრული ქაოსი იყო, ვერ გადაწყვიტეს, სად უნდა შეუშვან მოხალისეები, სად არ უნდა შეუშვან. შსს-მ არ შეუშვა, მერე ჯარმა თქვა, რომ შევიდნენ. რომელ ობიექტებზე უნდა გაუშვან, რა არის პრიორიტეტი, მათი ეკიპირება და ა.შ. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ამ დღეების ფონზე ამ ვითარებით, რომელიც შეიქმნა მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები