საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში განახევრებულია

Getty Images

წელს იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 48%-ით არის შემცირებული. 

2014 წელს იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $240 მილიონი შეადგინა. აზერბაიჯანში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის ექსპორტმაც გასულ წელს $121 მილიონი შეადგინა. წელს კი აზერბაიჯანში მთლიანი ექსპორტის მოცულობა $5 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს მხოლოდ ავტომობილების ექსპორტი იყო. 2015 წელს ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება კი $38 მილიონს შეადგენს.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა, რის გამოც ამ ბაზარზე ახალი რეგულაციების მიღება საქართველოზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამასთანავე, ავტოექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს ყაზახეთსა და სომხეთში მიღებული საბაჟო ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყნების საბაჟო კავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. 

აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტის კლება 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილებისთვის რეგულაციების დაწესებას უკავშირდება, რის გამოც ქართველი ავტოდილერები ამ თარიღამდე წარმოებული ავტომობილების რეალიზაციას აზერბაიჯანში ვეღარ ახდენენ. 

ექსპორტის კლება მხოლოდ ავტოექსპორტს არ უკავშირდება. წინა წელთან შედარებით 83%-ით არის შემცირებული ფოლადის წნელების, ანუ ეგრეთ წოდებული არმატურის ექსპორტი. გასული წლის იანვარ-მაისის პერიოდში მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით ქართულმა ფოლადის საწარმოებმა $29.8 მილიონის ღირებულების არმატურა გაიტანეს, წელს კი ეს რიცხვი $4.9 მილიონამდე შემცირდა. 

ავტომობილებთან და არმატურასთან ერთად, აზერბაიჯანში მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიც არის შემცირებული. გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში $15 მილიონის ღირებულების 6 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იქნა ექსპორტირებული, წელს ეს რიცხვი $6 მილიონს შეადგენს, საქონლის მასა კი 3 ათასი ტონაა. 

წინა წელთან შედარებით ზოგიერთ საქონელზე ექსპორტის ზრდაც ფიქსირდება, ასეთებია: ფარმაცევტული საშუალებების ექსპორტი, სადაც ზრდა $4 მილიონს შეადგენს და რეზინის ნაწარმი, მათ შორის საბურავები, რომლის ექსპორტიც $2 მილიონით არის გაზრდილი. 

აზერბაიჯანში სხვა დანარჩენი დასახელების საქონლის ექსპორტი კი 20%-ით არის შემცირებული. 

 

კომენტარები