იური ვაზაგაშვილის საქმე

სოსანაშვილის ადვოკატი: ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი

თეორემა/ტაბულა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილისთვის ბრალი დამძიმების ფაქტს მისი ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე ეხმაურება. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილს ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯოგლიძის შეფასებით, პროკურატურა ჩიხშია მოქცეული. 
 
„ბრალის დაზუსტება მოხდა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან იმ კუთხით, რომ აწ გარდაცვლილი ვაზაგაშვილი ეწეოდა აქტიურ მუშაობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში. რაც არ უნდა ყოფილიყო და რანაირადაც არ უნდა დაეზუსტებინათ ბრალი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა, არ ითვლის თავს დამნაშავედ, რადგანაც მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია და აქედან გამომდინარე, ველოდებით სასამართლოს დაწყებას და სასამართლოზე მე მგონი, დავადგენთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. უფრო მეტსაც გეტყვით, დღემდე სახელმწიფო ბრალდებას მოტივი არ გააჩნია. ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი, აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვეთანხმები. აბსურდია, აი, უბრალოდ დავფიქრდეთ, დღემდე, კიდევ გეუბნებით, მოტივი არ აქვთ გამოკვეთილი, წინასასამართლო სხდომაც არ ჩატარებულა. გამოყვეს არსებითი საქმიდან 236-ე მუხლი - იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, რომლის არსებითი განხილვა მიდის გორში. ესეც ემსახურებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პროკურატურა მოქცეულია ჩიხში, ვერ ადასტურებს იმ აპელირებას, რითიც აპელირებს, რომ მეორე დნმ-ის კვალია, აქედან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით, საქმე გორში უნდა შეწყდეს, ვინაიდან და რადგანაც მტკიცებულება არ გააჩნია ბრალმდებელს, რომ აღნიშნული ხელყუმბარები ეკუთვნის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, - აცხადებს ჯოგლიძე.
 
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის.

"დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ", - იუწყება პროკურატურა. 
 

კომენტარები