ე.წ. ოდეერი

TI: ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ე.წ. ოდეერებზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, შსს-ს რეფორმის ფარგლებში ე.წ. ოდეერების პრაქტიკის შენარჩუნება იგეგმება. TI-ის შეფასებით, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვაზე.

"საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე კენჭისყრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს.

უსაფრთხოების სამსახური სწორედ ის უწყებაა, რომელიც უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს უშიშროების საკითხებში ოფიცრები სხვადასხვა დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რეფორმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ამ ინსტიტუტის დემოკრატიზაციას ისახავს მიზნად, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის ე.წ. ოდეერების მანკიერ პრაქტიკაზე", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და აღნიშნავს, რომ ე.წ. ოდეერების ინსტიტური საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და დღესაც მხოლოდ რიგ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება.

"გასული წლიდან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ არაერთი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილ უსაფრთხოების ოფიცრებს, ე.წ. ოდეერებს შეეხებოდა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შეისწავლოს ოდეერების ინსტიტუტის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ასევე მოუწოდებდა პარლამენტს, შეექმნა სპეციალური კომისია ამ საკითხის შესასწავლად. ამ საკითხს 2013 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს და უახლოეს მომავალში მოახერხებს, უარი თქვა ოდეერებზე. 2015 წლის თებერვალში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის გამართულ ფორუმზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ ინსტიტუტი რეფორმას საჭიროებს.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტი, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, კვლავაც ითვალისწინებს უსაფრთხოების ოფიცრების ჩანერგვას სხვადასხვა სტრუქტურებში", - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

 

კომენტარები