სფფ-ის შეცდომა

დაუშვილმა და კანკავამ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები შეცდომით გამოტოვეს

0 კომენტარი
საქართველოს ნაკრები ფოტო: gff.ge

სპორტულ გაზეთ ლელოს ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ შეცდომით გამოტოვა.

გაზეთი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზბიგნევ ბონეკის განცხადებას ეყრდნობა, რომლის თქმითაც, ქართული მხარე საკითხში სწორად ვერ გაერკვა და კანკავას აღნიშნულ შეხვედრაში თამაში შეეძლო. 

"ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფეხბურთის ფედერაციებს უგზავნის იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც ან დისკვალიფიცირებულნი არიან, ან ამ საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როცა ფეხბურთელის გასწვრივ არის "ვარსკვლავი", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში ტოვებს მატჩს. შეიძლება ქართველებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო დისკვალიფიკაციის ნიშანი და ამიტომაც არ ათამაშეს კანკავა", - ციტირებს ბონეკის სიტყვებს ლელო.

შეგახსენებთ, რომ კანკავას პოლონეთთან თამაშამდე ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებიდან კი ირკვევა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ჯვაროსანთა კაპიტნისთვის დაბრკოლება - უეფას წესებით, ფეხბურთელს მატჩის გამოტოვება მესამე ბარათის მიღების შემდეგ უწევს.

ეს ფაქტი ტაბულასთან საუბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშემაც დაადასტურა.

დღეს, sportall.ge-მ წარსულში მსგავსი შეცდომის შესახებაც დაწერა. როგორც ვებგვერდი იტყობინება, ევრო 2016-ის მიმდინარე შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ, ბუბა დაუშვილმა კანკავას მსგავსად ტყუილად გამოტოვა.

"ამავე შესარჩევ ციკლში, ოღონდ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ბუბა დაუშვილმა, რადგან ფედერაციაში ის დისკვალიფიცირებული ეგონათ.

არადა, დაუშვილმა ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მიიღო გაფრთხილებები. მხოლოდ ორი გაფრთხილება", - წერს ვებგვერდი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები