თბილისის ბიუჯეტი

თბილისის ბიუჯეტი 44.7 მილიონი ლარით გაიზარდა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. საკითხს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 – წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. სხდომას სულ 38 დეპუტატი ესწრებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. აღნიშნული ცვლილებით თბილისის ბიუჯეტი 44,7 მილიონი ლარით გაიზარდა და მისი მთლიანი მოცულობა 912 მილიონი ლარი იქნება. 

თბილისის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის თანახმად, 14 მილიონ ლარზე მეტი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება, 3-3 მილიონი ლარი კი მოაკლდება გამწვანებისა და ბინათმესაკუთრე ამხანაგობების პროგრამებს. ამასთან, 200 ათას ლარზე მეტი გამოიყოფა სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ოჯახების დასახმარებლად. 

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დაინტერესდნენ, რომელ ქუჩებს მოხმარდებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სესხად ასაღები 18 მილიონი ლარი. დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ ასევე 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებულ 13 მილიონ ლართან დაკავშირებითაც. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, წელს უკვე 90 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო ამ მიზნით და საინტერესოა, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხები.

 

კომენტარები