მოხალისეები

პარლამენტმა მოხალისეობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მოხალისეობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი მოხალისეობრივ ურთიერთობებს არეგულირებს და ამკვიდრებს მოხალისეობის ცნებას. პროექტის თანახმად, მოხალისეობა არის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. პროექტში წერია, რომ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა დახმარების გაწევა იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სიღარიბის დაძლევის, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობის, ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, ცხოველთა უფლებების დაცვის და ა.შ. სფეროებში. ამასთან, კანონი არ შეზღუდავს სხვა პირებს, დამოუკიდებლად, ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

პროექტის თანახმად, მოხალისე შესაძლოა იყოს 16 წლის ასაკს მიღწეული პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანს მოხალისეობა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეეძლება. ამასთან, მოხალისეობითი ურთიერთობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს.

კანონპროექტს მასპინძელი ორგანიზაციის ცნებაც შემოაქვს. ეს არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია მოხალისეთა შრომის გამოყენება. მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს: რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი ან ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. სამედიცინო დაწესებულება, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენლობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

კანონი განსაზღვრავს მოხალისეთა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებსაც. კერძოდ, მოხალისე ვალდებულია, თავისი საქმიანობა სამართლებრივი, ეთიკური, მორალური პრინციპების დაცვით განახორციელოს. ასევე დროულად მიაწოდოს მასპინძელ ორგანიზაციას ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა მოჰყვეს შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობას, მან უნდა იზრუნოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებაზეც, რომელსაც საქმიანობის დროს გამოიყენებს.

მასპინძელი კი ვალდებულია, მოხალისეს განუმარტოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

რაც შეეხება მოხალისეობისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში, მოხალისეს აუნაზღაუროს მოხალისეობისას გაწეული ხარჯი: მგზავრობის, ბინის ქირის, კვების, კომუნიკაციისა, სადღეღამისო ხარჯი და ა.შ.

კანონპროექტით, მასპინძელი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მოხალისე უსაფრთხო გარემოთი, ის ვალდებული იქნება, მოხალისეს აცნობოს ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მოხალისის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯი კი უნდა აანაზღაუროს.

პროექტის მიხედვით, მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, მხარეთათვის გასაგებ ენაზე, რამაც უნდა განსაზღვროს საქმიანობის სახე, ხანგრძლივობა, შესრულების ადგილი, მხარეთა უფლება მოვალეობები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2014 წლის 25 მარტს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა დღეს დაიწყო. პროექტის ავტორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ხოლო ინიციატორი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

 

კომენტარები