ბიუჯეტი 2015

მთავრობა გადასახადებში არსებულ კლებას გრანტებით და პრივატიზაციით დააფინანსებს

0 კომენტარი
ფოტო: mof.gov.ge

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები ორი მიზეზითაა გამოწვეული - რეგიონში და, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა, განისაზღვრა 2%-ის ოდენობით და მეორე, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელია დამატებითი თანხების მოძიება. სამინისტრო განმარტებებს აკეთებს:

"ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები:
ბიუჯეტის შემოსულობები:

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, კერძოდ:

დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224,0 მლნ ლარს;

მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;

სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;

ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი

რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.

საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 10,0 მლნ ლარი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 5,0 მლნ ლარი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით (ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე);
საქართველოს პარლამენტი - 6,0 მლნ ლარით;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 7,0 მლნ ლარით;
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 8,0 მლნ ლარით;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - 3.5 მლნ ლარით;
გარემოს დაცვის სამინისტრო - 2,0 მლნ ლარით;
სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით;

რაც კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ ეხება!
დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85, 0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).

ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში დარჩება უცვლელი.

ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე (300,0 მლნ ლარის ნაცვლად დავაგროვებთ 327,0 მლნ ლარს)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები