თბილისის ზოოპარკი

TI: გურიელიძის საქმიანობა არ გამოგვიკვლევია - ეს მისი დისკრედიტაციის მცდელობაა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია. TI ეხმაურება ორგანიზაცია თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის ზოოპარკის დირექტორის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, რომელშიც ზურაბ გურიელიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებების წყაროდ სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მონაცემები სახელდება.

"გვსურს აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია. სავარაუდოდ, ხსენებული მონაცემების მოპოვება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი საძიებო სისტემის http://companyinfo.ge/ka/ საშუალებით მოხდა, სადაც ავტომატურად იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები.

ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, კომპანიაში წილის ფლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას ან ინტერესთა შეუთავსებლობის მაგალითს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბატონი გურიელიძის იმიჯის შელახვის მცდელობა უსაფუძვლოა.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს არავითარი საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ზურაბ გურიელიძის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმში. თბილისის ზოოპარკში ბოლო წლებში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები ბატონი გურიელიძის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს ზოოპარკის დირექტორის რანგში", - აცხადებს TI.

 

კომენტარები