PIXAR

თავდაყირა სამყარო, რომელსაც Pixar-ი მართავს

0 კომენტარი
ფოტო: vignette2.wikia.nocookie.net/

ახალი ტალანტებისა და ქმნილებების მიმართ სამყარო ხშირად კეთილგანწყობილი არაა. სიახლეს მეგობრები სჭირდება. გასულ საღამოს მე რაღაც ახალი გამოვცადე: მოულოდნელი წყაროსგან გასაოცარი ვახშამი მივიღე - გუსტავ ეგო. „რატატუი"

მულტფილმის „სათამაშოების ამბავი" გამოსვლიდან ოცი წელი გავიდა. ჯონ ლასეტერის ქმნილება 1995 წელს რევოლუცია იყო. ეს პირველი ანიმაციური ფილმი გახლდათ, რომელიც მთლიანად კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით შეიქმნა. თუმცა, მთავარი არა „სათამაშოების ამბის" გასაოცარი გამოსახულება, არამედ ანიმაციისადმი Pixar-ის ახლებური, არადისნეისეული მიდგომა იყო. „სათამაშოების ამბავი" არ იყო მულტფილმი მხოლოდ ბავშვებისთვის. ვუდის, ბაზისა და ენდის სხვა სათამაშოების თავგადასავალი თინეიჯერული პრობლემების გამოძახილია, რომელიც დღეს უკვე კინოკლასიკად ითვლება. Pixar-ი იგივე გახდა ჰოლივუდისთვის, რაც Ghibli ანიმესთვის, ანუ ხარისხის გარანტი. „სათამაშოების ამბავს" სიქველები, „რატატუი", „უოლ-ი", „The Incredibles", „მაღლა", „მონსტრების კორპორაცია" მოჰყვა - ანიმაციური ფილმები, სადაც Pixar-ი მნიშვნელოვან თემებზე, ცხოველების, მონსტრების, რობოტების, სუპეგმირების დახმარებით მარტივი ენით, თუმცა უამრავი მინიშნებით, ორიგინალურად ჰყვება.

2015 წელს Pixar-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ანიმაციის სამყაროში საუკეთესოა. პიტ დოქტერის „თავდაყირა" (Inside Out ასე თარგმნეს ქართულ კინოგაქირავებაში) Pixar-ის კლასიკური ქმნილებაა - ორიგინალური სცენარით შექმნილი ისტორია სამყაროზე, რომლის არსებობაზეც „არაფერი ვიცოდით" და, ისევე როგორც წინა ფილმების შემთხვევაში, აქაც ყველაფერი ახლობელი და ნოსტალგიურია.

„თავდაყირა" 11 წლის გოგონას, რაილის ისტორიას მოგვითხრობს. რაილი მინესოტელი მხიარული გოგონაა, უყვარს ჰოკეი, ჰყავს ახლო მეგობარი, მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და ცდილობს, არასოდეს მოიტყუოს. რაილი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად სან ფრანცისკოში გადადის, სადაც ფილმის ძირითადი მოქმედება ვითარდება. ერთი შეხედვით ბანალური ისტორიაა, ჩვეულებრივ მოზარდზე, უბრალოდ სხვაობა ისაა, რომ Inside Out-ის მოქმედების ძირითადი ნაწილი რაილის ტვინში ვითარდება. იქ სადაც ხუთი ემოცია - სევდა, ბედნიერება, სიბრაზე, შიში და ზიზღი სამართავ პულტთან დგანან და რაილის თითოეულ ნაბიჯს კარნახობენ.

Pixar-ი ტვინის ფუნქციონირების ორიგინალურ კონცეფციას გვაწვდის. თავში არსებულ სამყაროს, სადაც ემოციების გარდა, მოგონებები იწერება და ინახება. მნიშვნელოვან მოგონებებს თავისი ადგილი აქვს, ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბები „დიდ ბიბლიოთეკაში" ინახება, სადაც პატარა არსებები მუშაობენ და არასასურველ ინფორმაციას ნაგავში ჰყრიან. თავში ცალკე კუნძულზეა იდეების მატარებელი, აბსტრაქტული აზროვნების ოთახი, სიზმრების სტუდია, წამოსახვის მიწა, ქვეცნობიერის პირქუში ციხე, სადაც რაილის დაფარული შიშები და სურვილებია „დატყვევებული". ნამუშევარში თავში არსებული სამყარო ზედაპირულად, ორწუთიანი კლიპის სახით კი არაა ნაჩვენები, არამედ პირიქით, სწორედ მის დეტალურად ჩვენებას და საინტერესოდ წარმოჩენას აქვს ყველაზე დიდი დრო დათმობილი.

ბედნიერება და სევდა რაილის თავში მთავარი მოქმედი გმირები არიან. ბედნიერება რაილის გაჩენიდან მის გვერდითაა და ცდილობს მისი ემოციების სამართავ პულტთან არავინ მიუშვას. რაილის არც ცუდი ფიქრები და იდეები მოსდის თავში, რადგან ბედნიერება ყველაფერს ფილტრავს და ცდილობს, პატარა გოგონას ცხოვრება პოზიტივით იყოს გარშემორტყმული. სიბრაზე შიგადაშიგ რაილის გაბრაზებას გადმოსცემს, შიში რაილის სახიფათო ადგილებთან არ უშვებს, ზიზღი კი მის გემოვნებას აყალიბებს. სევდა ყველაზე დაჩაგრული ემოციაა. ყველა ერიდება მის სამართავ პულტთან მიშვებას, მაგრამ დროის სვლასთან ერთად სევდა მისდა უნებურად რაილის ბედნიერ მოგონებებს სევდიანად აქცევს. მულტფილმის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში კი პატარა გოგონას ყველა მნიშვნელოვან მოგონებას „წაშლის".

„თავდაყირა" Pixar-ის ის იშვიათი ნამუშევარია, სადაც ერთი ბოროტი პერსონაჟიც კი არ არის. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ერთადერთი გმირი, რომლის მიმართაც შეიძლება ანტიპათია გაგიჩნდეთ, ბედნიერებაა. რაილის დომინანტი ემოცია ვერ აცნობიერებს სევდის როლსა და მნიშვნელობას პატარა გოგონას ცხოვრებაში. თუმცა, ეს ანტიპათია წამიერი იქნება, რადგან პატარა ემოციები რაილისთან ერთად იზრდებიან და ბედნიერება ხვდება სევდის აუცილებლობას. გოგონას თავში სწორედ მაშინ იბადება პირველი ნოსტალგია - ერთდროულად სევდიანი და ბედნიერი მოგონება.

ნოსტალგია Pixar-ის ანიმაციური ფილმების განუყოფელი ნაწილია. „სათამაშოების ამბავში" სათამაშოები ენდისთან გატარებულ მშვენიერ პერიოდს იხსენებენ, „The Incredibles"-ში სუპერგმირებს წარსული დიდება და საქმიანობა ენატრებათ, „მაღლა" ხომ მოხუცი კარლ ფრედრიქსენის ისტორიაა, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის მოგონებებით საზრდოობს. სწორედ ნოსტალგიის შეგრძნებაა, რაც ანტონ ეგოს რემის გაკეთებულ რატატუიზე საოცარ რევიუს დააწერინებს. ნოსტალგიაა, რის გამოც Pixar-ის ნამუშევრები ერთნაირად საინტერესოა დიდებისა და პატარებისთვის.

პიტ დოქტერმა და კომპანიამ სხვებზე უკეთ იციან, როგორ შექმნან სურათი, სადაც პატარა რაილის გამოგონილ არსება ბინგო-ბონგოზე ზრდასრულ ადამიანს თვალებზე ცრემლი მოადგეს, გაახსენდეს, რომ წლების წინ, ბავშვობაში, ტვინში დომინანტი გრძნობა ბედნიერება იყო, მის გონებაში არსებულ კუნძულებზე სხვა ფიქრები და მოგონებები ბინადრობდნენ, რომლებიც ახლა ნაგავსაყრელზე განისვენებენ, რადგან წლებთან ერთად ბედნიერებამ „სამუშაო საათები" ზიზღს, შიშს, სიბრაზეს და, რაც მთავარია, სევდას დაუთმო. Inside Out-ში ერთი ეპიზოდი სწორედ ამის დასტურია. როდესაც რაილის მშობლების თავში გრძნობების მუშაობას აჩვენებენ. დედასთან სამართავი პულტის ცენტრში სევდა, ხოლო მამასთან სიბრაზე ზის.

Pixar-ის გამოჩენიდან 20 წლის შემდეგ ფაქტია, რომ კომპანიასთან ყოველი „ახალი ვახშამი", ახალი გასაოცარი თავგადასავალია. გემო მუდამ განსხვავებულია, ემოციები და გრძნობები კი ნარევი, როგორც რაილის თავში გაჩენილი პირველი ნოსტალგიური მოგონება. ყველაფერი კი 1995 წელს მოულოდნელი წყაროსგან მიღებული მოწვევით დაიწყო, როდესაც უცნობი კომპანია კინომოყვარულებს მის გახსნილ „რესტორანში" შეუძღვა.

4.5/5

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები