აქცია ერევანში

ერევანში ერთიანობის მარში გრძელდება

0 კომენტარი
აქცია ერევანში ფოტო: svoboda.org

ერევანში საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრება ისევ სცადეს. თუმცა, მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა დაჰპირდნენ, რომ ძალას აღარ გამოიყენებენ, თუ აქცია მშვიდობიანი იქნება.

ხალხმა დილიდან თავისუფლების მოედანსა და ბაგრამიანის გამზირზე შეკრება ისევ დაიწყო. აქცია სახელწოდებით - არა ძარცვას - ერთიანობის მარშში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადები მოაწყვეს. ისინი ქვეყანაში დენის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ და ძალადობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. 

"პოლიციის მიერ აქციის დარბევამ უკუშედეგი გამოიღო, როგორც ხედავთ, ხალხი უფრო მეტი მოვიდა.  ბაგრამიანის გამზირი ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე გადაკეტილი დარჩება" - ამბობს აქტივისტი ვაჰინაკ შუშანიანი.

პოლიტოლოგ დავით შახნაზარიანის შეფასებით, "ძალის გადაჭარბებით და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით ხელისუფლებამ სომხეთის საერთაშორისო რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ამოცანის გადაწყვეტის გზა ერთია - ჩვენი სუვერენიტეტისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა. რუსეთი  სომხეთის ექსპლუატაციას და ფინანსურად ამოწურვას აგრძელებს. ის, რასაც ჩვენი საზოგადოება ებრძვის, სომხეთში რუსული სტრუქტურირებული კორუფციის სისტემაა".

გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, 200-ზე მეტი დემონსტრანტი დაკავებულია. მათ წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. პოლიციამ ძალა ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენა. აქციები დენის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ ერევანში 19 ივნისიდან მიმდინარეობს. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი აგვისტოდან 16%-ით მოიმატებს და დაახლოებით 10 ცენტს გაუტოლდება. ენერგოდისტრიბუციის ქსელს სომხეთში რუსული კომპანია რაო ეესი ფლობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ერევანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და იმედი აქვას, სიტუაცია მალე დარეგულირდება. რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი კი აცხადებს, რომ აქციების უკან დასავლეთი დგას და დემონსტრაციაში უკრაინიდან ჩამოყვანილი მებრძოლებიც მონაწილეობენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები