ჩქაროსნული მაგისტრალი

შესაძლოა, ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი ფასიანი იყოს

primetimenews.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. დღეს მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, გზა რამდენიმე წელი ფასიანი იყოს.

"საუბარი იქნება იმაზე, რამდენად შესაძლებელია იყოს ფასიანი კერძო გზა გარკვეული წლები. თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, დონორების შეხვედრა იმას ითვალისწინებს, რომ მოვახერხოთ დაფინანსების მობილიზება, რადგან საქართველოს ბიუჯეტს ამ უზარმაზარი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად არ ექნება უახლოესი წლების განმავლობაში და მაშინ დასავლეთითაც და აღმოსავლეთითაც გაკეთებული ეს უზარმაზარი სამუშაოები, პრინციპში, თავის ეფექტს ვერ მოგვცემს, რადგან ბოლოს და ბოლოს, ეს მაგისტრალი მთლიანად შეიკრას და დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე უნდა იყოს შესაძლებობა სწრაფ მაგისტრალზე იმოძრაონ ტვირთებმაც და ადამიანებმაც", - განაცხადა ჯავახიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კითხვაზე, იქნება თუ არა გზის ეს მონაკვეთი ფასიანი, მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს გზა იყოს ფასიანი, თუმცა ჯერ ეს არის მხოლოდ მოსაზრება.

"კი, შესაძლოა ეს გზა იყოს ფასიანი. შეიძლება, გაიყიდოს 30, 40, 50 წლით და დააფინანსოს ინვესტორმა", - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ ძნელია იმაზე საუბარი, რა თანხის გადახდა მოუწევს მოქალაქეს.

"იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ მოსაზრება. დღეს მსოფლიო ბანკი დაგვიდასტურებს, რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი და საინტერესო ინვესტორისთვის. შემდეგ იქნება ფინანსების გათვლა. წინასწარი მონაცემებით, გზა პრინციპში ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტორი მოვიზიდოთ. ვნახოთ, მსჯელობა რა შედეგს მოიტანს", - განაცხადა ჯავახიშვილმა. 

 

კომენტარები