საზოგადოებრივი მაუწყებელი

MDF და UNAG საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციებით მიმართავენ

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავენ და 2015-2016 წლის პროგრამულ პრიორიტეტებში იმ საკითხების გათვალისწინებას ურჩევენ, რომელიც MDF-ის მიერ ჩატარებული ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კანონმდებლობით ევალება უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება, ასევე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაში, რომელიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებშია შექმნილი”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ანტიდასავლურ პროპაგანდას უმცირესობების ენებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მომზადებული სათანადო პროგრამირებით უპასუხონ.

რეკომენდაციები ასევე შეეხება მრავალფეროვნების გაშუქების საკითხებს, რაც უმცირესობების ენებზე პროგრამების მომზადებას, ინკლუზიური პროგრამირების მიდგომებსა და საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლისათვის საჯარო ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობს.

ცალკე რეკომენდაციები ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებასა და თვითრეგულირებას. რეკომენდაციებში წერია, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, გასაჩივრების მექანიზმის არაეფექტიანობის გამო, ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დაცვას ჰომოფობიური, ქსენოფობიური და არმენოფობიული განცხადებებისგან. ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადახედოს თვითრეგულირების ორგანოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე საქმეების განხილვის პრაქტიკას და ამ თვალსაზრისით სამეურვეო საბჭოს, როგორც სააპელაციო ორგანოს პასუხისმგებლობაც გაიაზროს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2015-2016 წლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 28 აპრილს დაიწყო.

კომენტარები