ვერეს ხეობა

ბიზნესპალატამ ვერეს ხეობაში "მანჰეტენის" მოწყობის იდეა მინისტრებს უკვე გააცნო

საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე სასტუმრო თბილისი მარიოტში, ექსპერტების შეხვედრაზე მსჯელობენ. საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა მშენებლობა უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, საკითხზე უკვე ესაუბრნენ რამდენიმე მინისტრს და მათგან პასუხს ელიან.

"ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით", - განაცხადა ჯგერენაიამ სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ სპეციალისტების შეფასებით, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. 

"დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ. 

კითხვაზე, როდის წარუდგენენ პროექტს მთავრობას, ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე მინისტრს უკვე ესაუბრნენ.

"მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - თქვა ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000, რის მოძიებასაც, დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. 

"ბიზნესმენები გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - თქვა ჯგერენაიამ. 

კომენტარები