აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2014

სახ.დეპ: საქართველოში უმცირესობების მიმართ არატოლერანტულობის ზრდა შეინიშნება

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიშში საქართველოში უმცირესობების მიმართ გამოვლენილ დისკრიმინაციულ ფაქტებზეა საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ არატოლერანტულობის ზრდა შეინიშნება, რაც სიძულვილის ენაში, რელიგიური ჯგუფების ღვთისმსახურების აღსრულებაში ხელის შეშლასა და მათ შევიწროებაში გამოიხატება. ეს კი ხელს უშლის შეკრების თავისუფლებას.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში დაფიქსირდა უმცირესობების დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის აღნიშნულია 10 სექტემბერს ქობულეთში, მედრესეს კარზე ღორის თავის დამაგრების ფაქტი. "არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება რელიგიური სიძულვილით მოტივირებული შემთხვევების ეფექტურ გამოძიებაში მარცხის გამო. ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის ანგარიშში ჩაიწერა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ბევრად მკაცრ რეაგირებას საჭიროებდა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. PACE-მა დაწერა, რომ ადგილი ჰქონდა ეფექტური გამოძიების ნაკლებობას და უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები დაუსჯელი დარჩა", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში მოყვანილია ოქტომბერში სოფელ მოხეში არსებული ნახევრად დანგრეული მეჩეთის ფაქტი, რის გამოც მუსლიმ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება შენობაში ბიბლიოთეკის აშენებას გეგმავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობოები ჩიოდნენ, რომ სამართალდამცველებმა არასაჭირო ძალა გამოიყენეს დემონსტრანტების მიმართ, ასევე ჩიოდნენ მთავრობის პოლიტიკის მარცხის გამო, რომ ვერ დაიცვა რელიგიურ შენობებზე საკუთრების უფლება. პრემიერმინისტრმა აღნიშნულ შემთხვევას მიუღებელი უწოდა და მოუწოდა რელიგიის სააგენტოს, გაეცა რეკომენდაცია საკითხის გადასაჭრელად. სააგენტომ შექმნა კომისია, რომელშიც მუსლიმი, მართლმადიდებელი ქრისტიანი ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. თუმცა, როგორც ანგარიშში წერია, წლის ბოლოს კომისიას რეკომენდაცია არ გაუცია, სადავო შენობის მშენებლობა კი შეჩერდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მედიის განვითარების ფონდის კვლევაზეცაა საუბარი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სიძულვილის ენას და დისკრიმინაციულ გამონათქვამებს ეხებოდა და ფარავდა პერიოდს თებერვლიდან მაისამდე. ანგარიშის მიხედვით, საჯარო ფიგურებმა გააკეთეს ჰომოფობიური, სიძულვილის შემცველი და დისკრიმინაციული განცხადებები. ფონდის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტარებიც აკეთებდნენ დისკრიმინაციულ კომენტარებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ სოციალური ცრურწმენები ლგბტ პირების წინააღმდეგ კვლავ ძლიერია. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო აღნიშნული პირების სექსუალური აქტივობა. ლგბტ ორგანიზაციების ინფორმაციით, ლგბტ პირების უმეტესობა ძალადობის შიშით მალავდა თავის ორიენტაციას, და ცოტა ორგანიზაცია მუშაობდა ღიად, რადგან ლგბტ პირების მიმართ საზოგადოებაში ძლიერი სოციალური სტიგმაა.

ანგარიშის მიხედვით, სტიგმა და დისკრიმინაცია აივ ინფექციითა და შიდსით დაავადებულთა მიმართ კვლავ ძირითადი ბარიერია აღნიშნული დაავადებების პრევენციისა და მომსახურების მისაღებად. ნეგატიური სოციალური შეხედულებები და საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა კვლავ დაბრკოლებებს ქმნის. "არასამთავრობოების განცხადებით, სოციალური სტიგმის გამო ინდივიდები უარს ამბობენ შემოწმებასა და მკურნალობაზე", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზეცაა საუბარი. მათ შორის იმაზე, რომ ქართული ენის ფაქტორი კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაში. 2013 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ანგარიშით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებდა მხოლოდ 10-12-წუთიან ყოველდღიურ ამბებს ხუთ ენაზე. მაუწყებელი გააკრიტიკეს ახალი ამბების გაშუქების ნაკლებობის გამო.

კომენტარები