აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2014

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე

კონსტიტუცია და კანონი კრძალავს შერჩევით დაჭერებსა და პატიმრობებს, მაგრამ ხელისუფლება ამ აკრძალვებს არცთუ თანმიმდევრულად ითვალისწინებდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2014 წლის დეკემბრისთვის 15 ყოფილ მაღალჩინოსანს (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, შს და თავდაცვის მინისტრები) ბრალი წაუყენეს. მათ შორის, 6 სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, ერთი წინასწარ პატიმრობაშია, ორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სამი კი იძებნება.

"მათ შორის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, შს ყოფილ მინისტრს და ექსპრემიერ ივანე მერაბიშვილს, შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა "ბაჩო" ახალაიას ბრალი წარუდგინა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, სახელმწიფო თანხების მითვისება, ფულის გათეთრება, გამოძალვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება", - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს უფლება აქვს ადვოკატი დაკავებისთანავე მოითხოვოს, სახელმწიფო ყოველთვის პატივს არ სცემს აღნიშნულ უფლებას.

"NGO-ების განცხადებით, 2014 წელს არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც დაკავებულს დიდი ხნის მანძილზე შესვენებისა და ადვოკატის გარეშე კითხავდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ ოპოზიციური პარტიები მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებში ადანაშაულებენ. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა არაერთ საქმეზე შეშფოთება გამოხატეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იანვარში არასამთავრობო ორგანიზაცებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ყოფილი შს და პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. საუბარია 2013 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მერაბიშვილი პენიტენციარული სისტემის წარმომადგენლებმა საკნიდან გამოიყვანეს და უცნობ ადგილას გადაიყვანეს. ეს მოხდა მერაბიშვილის ადვოკატის გარეშე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მერაბიშვილს ოჯახის წევრების ზიანის მიყენებითა და მისთვის საცხოვრებელი პირობების გაუარესებით ემუქრებოდა. ფარცხალაძე მერაბიშვილისგან ზურაბ ჟვანიას საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა.

"NGO-ები მერაბიშვილის საქმეზე ხაზს უსვამენ სამართალდამცველების არასრულ პასუხებზე კითხვების არსებობასა და შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალის თემაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში წერია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან მთავრობამ დაახლოებით 30 საშუალო რგოლის ყოფილ სახელმწიფო მოხელეს ბრალი წაუყენა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას ხონის რაიონის ყოფილი გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიასა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. "ენმ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რადგან ჯიბუხაია დაკავების მომენტში არჩევნებში მონაწილეობდა და ხონის რაიონში კენჭს იყრიდა", - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არჩევნების წინ ენმ-ის წევრთა დაკავების მოტივები კითხვებს აჩენს.

ანგარიშში საუბარია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასა და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზეც. დოკუმენტში საუბარია ე.წ. კაბელების საქმეზე.

"ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 4 ნოემბერს შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს და სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაასკვნა, რომ "საქმეში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება რთული იყო". იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, პრემიერმინისტრმა ის რამდენიმე საათში გადააყენა. თავისუფალმა დემოკრატებმა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია დატოვეს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის დაკავებაზეც და ნათქვამია, რომ კლდიაშვილის ორდღიანი დაკავება არასამთავრობოების აზრით უკანონო იყო.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ წინასწარი პატიმრობები 2014 წელს ხანდახან დროში იწელებოდა. დოკუმენტში არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებია მოყვანილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ წინასწარი დაკავებისას გირაო და პატიმრობა სტანდარტულ, ერთნაირ საქმეებზე არათანაბრადაა გამოყენებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამარბერგი და ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავენ წინასწარი პატიმრობის ხშირ გამოყენებაზე.

"სასამართლოს მონიტორინგის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ წინასწარი პატიმრობების დაუსრულებელ გახანგრძლივებაზე, როდესაც პროკურორები ხშირად წინასწარ პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლას ელიან, რათა ადამიანს ახალი ბრალი მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენონ და წინასწარი პატიმრობა 9 თვით გაახანგრძლივონ", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია წინასწარ პატიმრობებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი (ენმ-ის გენერალური მდივანი) და გიგი უგულავა (ადგილობრივ არჩევნებზე ენმ-ის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი) წინასწარ პატიმრობაში პოლიტიკური მიზნით დატოვეს.

ენმ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს უგულავას დაპატიმრება მიზნად ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებასა და მწყობრიდან გამოყვანას ისახავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უგულავას დაპატიმრებისას არ იყო ჯეროვნად განმარტებული მისი დაკავების მიზეზები და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.

 

კომენტარები