ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

78 ხმით, ერთის წინააღმდეგ გავიდა კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი კრიტიკული ხასიათის წერილი გაუგზავნეს. ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებს.

კომენტარები