საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის რეფერენდუმი OXI თუ NAI

საბერძნეთის რეფერენდუმის კითხვა
bwbx.io

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა 5 ივლისს საყოველთაო რეფერენდუმი დანიშნა, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტმა გუშინ მოახდინა. ამ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ქვეყანას მის კრედიტორებთან. მმართველი პარტია სირიზა ამ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის (OXI) მომხრეა, რადგანაც ამ შემთხვევაში საბერძნეთი მისი კრედიტორების მიერ წამოყენებულ გეგმას არ გაითვალისწინებს.

პასუხები: არა/OXI, დიახ/NAI

5 ივლისის რეფერენდუმის კითხვის სრული ტექსტი კი ასე გამოიყურება: უნდა გაითვალისწინოს თუ არა საბერძნეთმა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 25 ივნისს წამოყენებული ორნაწილიანი პროექტი? პირველი ნაწილი "რეფორმები მიმდინარე პროგრამის დასრულებისთვის და მის შემდეგ" და მეორე ნაწილის "ვალის მდგრადობის წინასწარი ანალიზი"

რეფერენდუმის კითხვასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. პირველი კვლევის (Kapa Research) მიხედვით, მოსახლეობის 47% მხარს უჭერს კრედიტორების მიერ წამოყენებულ გეგმას. 33% წინააღმდეგია, 19%-ს კი არ აქვს დღეისთვის გადაწყვეტილი საკუთარი პასუხი. ერთი დღის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის (Alco) მიხედვით კი, მოსახლეობის 57% კრედიტორების გეგმაზე თანახმაა, 29% წინააღმდეგი, 14%-ს კი საკუთარი პასუხი არ აქვს გადაწყვეტილი.

რეფერენდუმზე, მრავალი ანალიტიკოსის შეფასებით, ევროზონის, როგორც ერთიანი იდეის არსებობის საკითხი წყდება.

ალექსის ციპრასმა გუშინ საღამოს მიცემულ ინტერვიუში მინიშნება გააკეთა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში მმართველი პარტია ხელისუფლების სადავეებს ჩამოშორდება. მმართველი პარტია სირიზა კრედიტორების მიერ წამოყენებული მოთხოვნების წინააღმდეგი თავიდანვე იყო, რადგანაც საბერძნეთის კრედიტორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ საბერძნეთს ფინანსური დახმარების პროგრამა გაუხანგრძლივონ, ქვეყნისგან ეკონომიკურ რეფორმებს მოითხოვენ, რასაც ალექსის ციპრასი ეწინააღმდეგება.

ათენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დღეს უნდა გადაუხადოს. ვადა ვაშინგტონის დროით 18:00 საათზე იწურება.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნის უარყოფა ევროკავშირის ზონის დატოვებას ნიშნავს. 

გუშინ საღამოს ათენში, პარლამენტის შენობასთან ათობით ათასი ადამიანი მთავრობის მხარდასაჭერად შეიკრიბა. საწინააღმდეგო აქციის გამართვა კი დღეს იგეგმება.

 

კომენტარები