საჯარო ფინანსები

ნოდარ ებანოიძე: ზოგიერთი უწყების ხარჯი იზრდება, მაგრამ რეალურად ეს შემცირებაა

ტაბულა

პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა. მისი თქმით, ზოგიერთი უწყების ხარჯი იზრდება, მარამ რეალურად ეს შემცირებაა. 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში გუშინ შევიდა. კომიტეტებმა ის მომავალი ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეაფასონ. 

"უწყებების მიმართულებით გარკვეული ხარჯების შემცირებები არის, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ნაწილში, რა პროცესიც ადრეც დაწყებული იყო და გაგრძელდა. დაახლოებით 12.5 მილიონი ლარით შემცირდა ხარჯები საგარეო საქმეთა სამინისტროში. წელს დაგეგმილი იყო რამდენიმე ქვეყანაში საელჩოების შეძენა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სავალუტო მდგომარეობა გვაქვს და ყიდვები უფრო ძვირდება, ალბათ ჯობს, რომ ასეთი ხარჯები მერე გავწიოთ. არის განათლების სამინისტროშიც, 12 მილიონამდე არის იქაც. არის 10.5 მილიონი შინაგან საქმეთა სამინისტროში და არის თავდაცვაშიც, თუმცა თქვენ რომ ნახოთ პარლამენტში შემოსული ფორმა, იქ შეიძლება უწყებას ეზრდებოდეს კიდეც ხარჯი, თუმცა ეს სინამდვილეში შემცირებაა, რადგან ვთქვათ, მაგალითად, "დელტა" ეკონომიკის სამინისტროდან გადადის თავდაცვის სამინსიტროში, გარკვეულწილად თავდაცვის სამინისტროს შეუმცირდა ხარჯი, მაგრამ საერთო პარამეტრი რომ ნახოთ, იქ გადაყვება ეს ხარჯი, ისევე როგორც გარკვეული ზრდები არის იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურის სისტემის რეფორმაა, რაც ითხოვს გარკვეული შტატების დამატებას", - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, ყველაზე მეტად წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით; 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 10,0 მლნ ლარით;

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 8,0 მლნ ლარით;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 7,0 მლნ ლარით;

საქართველოს პარლამენტი - 6,0 მლნ ლარით;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 5,0 მლნ ლარით;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 3.5 მლნ ლარით;

გარემოს დაცვის სამინისტრო - 2,0 მლნ ლარით;

სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით.

ამ გამოთავისუფლებული ხარჯებიდან 85 მილიონი ლარი 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიემართება, 53 მილიონი ლარი კი საქართველოს საგარეო ვალის დაფინანსებას მოხმარდება. ლარის გაუფასურების გამო საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება ერთი მესამედით გაუძვირდა, რის გამოც ამ მიმართულებით მთავრობას საბიუჯეტო სახსრების დამატება დასჭირდა.

 

კომენტარები