საბერძნეთმა IMF-ის €1.6 მილიარდიანი ვალი არ დაფარა - არის თუ არა ეს დეფოლტი?

Getty Images

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის €1.6-მილიარდიანი ვალი არ გადაიხადა, რითიც ისეთი ქვეყნების სიას შეუერთდა, როგორიცაა: სომალი, ერაყი, სუდანი და ზიმბაბვე. 

ვალის გადაუხდელობის გამო საბერძნეთი დეფოლტში არ აღმოჩნდება, რადგანაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით ამ დროს ქვეყანა არა დეფოლტში, არამედ ვადაგადაცილებული გადასახადის მდგომარეობაში "arrears"-ში იმყოფება. თუმცა სხვა კრედიტორები საბერძნეთს უკვე პრაქტიკულად დეფოლტის მდგომარეობაში განიხილავენ.

ქვეყნის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი ვალის გადახდის ბოლო ვადამდე ითხოვდა ევროჯგუფისგან დამატებითი სესხის აღებას, რათა ქვეყანა დეფოლტში არ აღმოჩენილიყო, თუმცა ევროპის სტაბილურობის მექანიზმმა (ESM) საბერძნეთისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა. ESM-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ახალ სესხს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში ვერ გამოყოფს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები საბერძნეთის რეიტინგს ჯერჯერობით არ შეამცირებენ, რადგანაც მათი მეთოდოლოგიით IMF-ი კომერციულ კრედიტორად არ განიხილება. Standard & Poor’s საბერძნეთს დეფოლტის მდგომარეობაში მას შემდეგ განიხილავს, თუკი ქვეყანა 10 ივლისს თავის კერძო კრედიტორებს მორიგ €2-მილიარდიან ვალს არ გადაუხდის. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, სავალუტო ფონდისთვის ვალის გადაუხდელობა ავტომატურად არ გამოიწვევს საბერძნეთისთვის დეფოლტის სტატუსის მინიჭებას. 

გასული ხუთი წლის მანძილზე საერთაშორისო კრედიტორებმა საბერძნეთის ეკონომიკას დახმარების სახით €245 მილიარდი გამოუყვეს, თუმცა საბერძნეთის მიერ წარმოებული არასწორი ფისკალური პოლიტიკის გამო ქვეყნის დეფოლტის რისკისგან არიდება ვერ მოხეხრდა.

საბერძნეთის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შემდეგი პროცედურები დაიწყო:

1) ფონდი საბერძნეთში დაუყოვნებლივ გაგზავნის ვალის გადახდის მოთხოვნის წერილს, რაზე უარის მიღების შემთხვევაშიც ფონდი საბერძნეთს დამატებით დახმარების გაწევას შეუწყვეტს.

2) ორი კვირის შემდეგ ფონდი ქვეყნისგან სრულ ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

3) ფონდის მმართველი საბჭო შეიკრიბება, რათა საბერძნეთს დეფოლტის (arrears) სტატუსი მიანიჭოს.

4) ვალის გადაუხდელობიდან 15 თვის შემდეგ ფონდი საბერძნეთთან თანამშრომლობის საკითხის შეწყვეტას განიხილავს.

5) ვალის გადაუხდელობიდან 18 თვის შემდეგ ფონდი ქვეყნისთვის წარმომადგენლობის შეწყვეტაზე იმსჯელებს.

6) 24 თვემდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი ფონდი ქვეყნისათვის წევრობის შეწყვეტას განიხილავს.

საბერძნეთმა 20 ივლისს ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) €3.5-მილიარდიანი ვალი უნდა გადაუხადოს. სწორედ ამ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში საბერძნეთი დეფოლტად გამოცხადდება, რის შემდეგაც ECB ქვეყნის კომერციული ბანკებისგან დამატებით მოითხოვს €89 მილიარდს, რისი გადახდაც მთელი ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემისთვის სრულ კოლაფსს ნიშნავს.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. ამ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ქვეყანას მის კრედიტორებთან. მმართველი პარტია სირიზა ამ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის მომხრეა, რადგანაც ამ შემთხვევაში საბერძნეთი მისი კრედიტორების მიერ წამოყენებულ გეგმას არ გაითვალისწინებს. წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობის 57% კრედიტორების გეგმაზე თანახმაა.

 

კომენტარები