კრიზისი საბერძნეთში

ახალი პოლიტიკური ცენტრი: მთავრობამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთთან

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრის შეფასებით, საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები საქართველოზე გარდაუვლად აისახება. ცენტრი მთავრობას მიმართავს, დღესვე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური მინიმიზაცია მოხდეს და საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა იგრძნონ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა. საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ახალი პოლიტიკური ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგი: საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს აქვთ დანაზოგები ადგილობრვ ბანკებში. მათთვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს დანაზოგები არ დაიკარგოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან (რაც უკვე დაიწყო რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ), რათა მივიღოთ გარანტია, რომ იქ მცხოვრები ქართველების დანაზოგებს არ დაემუქრება საფრთხე. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ფინანსურად ეხმარებიან აქ საკუთარ ოჯახებს და ეს დახმარება ხშირად ამ ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეს გადმორიცხვები ამჟამად შეჩერებულია. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან, რომ იქ მცხოვრებ ქართველებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ შესაძლებლობა, აღადგინონ გადმორიცხვები. სხვადასხვა გათვლებით საბერძნეთში ცხოვრობს 150 ათასზე მეტი ქართველი სხვადასხვა სტატუსით" - აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი და აღნიშნავს, რომ 2014 წელს საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა შეადგინა დაახლოებით 205 მილიონი დოლარი.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ საბერძნეთიდან გარკვეული რაოდენობის ქართველები სამშობლოში დაბრუნდებიან და მნიშვნელოვნად შემცირდება გადმორიცხვების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის საფრთხე შეექმნება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით, რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტორების ნეგატიური გავლენის მაქსიმალურად შემცირება. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მთავრობის ხარჯები და დაიწიოს გადასახადებმა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ამ მხრივ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. საბერძნეთს დღემდე არ მოუხდენია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. საბრძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდება 5 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ იქნება საბერძნეთის პარლამენტისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში. იმისათვის, რომ არ მოხდეს პროცესის დროში გაჭიანურება და არ შეფერხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა საბერძნეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება", - ნათქვამია ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებაში. 

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის €1.6-მილიარდიანი ვალი არ გადაიხადა, რითიც ისეთი ქვეყნების სიას შეუერთდა, როგორიცაა: სომალი, ერაყი, სუდანი და ზიმბაბვე. 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე მიდის. 

"ციპრასმა კრედიტორებს წერილით მიმართა და მზადაა, მათი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი შეასრულოს. საბერძნეთის მინისტრმა ორი, უმნიშვნელო ცვლილების შეტანა მოითხოვა", - წერს Financial Times.

ევროზონის ფინანსთა მინისტრები დღეს ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

ალექსის ციპრასმა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროზონის ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტისგან, კერძოდ კი ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან (ESM) გუშინ დამატებით €1.6 მილიარდის მოცულობის ვალი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, სანამ საბერძნეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ისინი ათენს აღარ დაეხმარებიან.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ქვეყანა არსებული გრაფიკის მიხედვით ვალის გადახდას 2054 წელს დაასრულებს.

კომენტარები