UEFA-ს სუპერთასი

Biletebi.ge: გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებით

"გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებით", - ამის შესახებ რუსთავი 2-ს biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა უთხრა. ჩხიკვიშვილის განმარტებით, biletebi.ge-ზე ნაყიდ ბილეთებზე დატანილია სახელი, გვარი და იდენტიფიკაციის კიდევ სხვა რამდენიმე ნიშანი, რომლით სარგებლობა მყიდველის გარდა სხვა პირს არ შეუძლია. 

"ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ეს ადამიანი სტადიონზე ვერ მოხვდება. შესასვლელთან შემოწმდება ყველა ბილეთი. ადამიანმა, რომელმაც ჩვენ ვებგვერდზე ერთი ბილეთი იყიდა, შეიძლება ამობეჭდოს და სხვა ადამიანებს მიყიდოს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ადამიანები ასეთი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებიან, თუ მათი პირადი მონაცემები ბილეთზე დატანილს არ დაემთხვევა",- აცხადებს biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათია, ქართულ განცხადებების საიტზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ერთი ბილეთის ფასი 200 ლარიდან 300$-მდე მერყეობს.

Biletebi.ge-მ Uefa-ს სუპერთასის ბილეთების ონლაინგაყიდვა დღეს დაასრულა. ვებგვერდმა გუშინ 4 300 ბილეთი გაყიდა. ბილეთები როგორც უცხოელ, ისე ქართველ მომხმარებელზე გაიცემოდა.

სუპერთასის დარჩენილ 22 000 ბილეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სალაროებში გაყიდის. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები