დინამო ევროპა ლიგაზე 2015

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა თბილისის დინამომ გაბალა დაამარცხა - 2:1

facebook.com/DINAMOTB

2 ივლისს, თბილისის დინამომ უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დიდწილად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა აზერბაიჯანელებმაც შექმნეს სახიფათო მომენტები.

უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის 51-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა და დინამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

ამის მიუხედავად, პირველი გოლი სწორედ გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა გაიტანეს. 65-ე წუთზე პაპუნაშვილის პასით ისარგებლა ჯიღაურმა და ანგარიში გახსნა. 10 წუთის შემდეგ, რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა სტუმრებმა საჯარიმოში შექმნილი გაუგებრობით ისარგებლეს და ჰუსეინოვმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებს არათანაბარ სიტუაციაში მეტოქესთან თამაში სულ უფრო უჭირდათ და დაღლა ეტყობოდათ, 84-ე წუთზე მეკარე ჰრდლიჩკას კარიდან დარტყმული პარუნაშვილმა ერთი შეხებით თავით პაპუნაშვილისკენ გადაგზავნა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ორი მცველის გარემოცვაში იყო მეტოქის კარისკენ გაიჭრა და საბოლოოდ ძლიერი დარტყმით, მეკარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.

დარჩენილ დროში, გეგუჩაძის ფეხბურთელები ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ და საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში უკვე აზერბაიჯანში გაიმართება.

კომენტარები